საეკლესიო სკოლა

საგანმანათლებლო მოღვაწეობა

მთავარი / პროექტები

საეკლესიო სკოლა
საგანმანათლებლო მოღვაწეობა




საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისიის დაარსების პირველივე დღიდანვე გუნდის რეპეტიციებთან პარალელურად მამა ბენიამინი ატარებდა არამეული ენისა და დამწერლობის შემსწავლელ გაკვეთილებს თბილისში და დაბა ძველ ქანდაში. ძველ ქანდაში რამოდენიმე ჯგუფი არსებობდა, გაკვეთილები ტარდებოდა საშუალო სკოლაში კვირაში ორჯერ. ენის სწავლების აუცილებლობა იმით იყო გამოწვეული, რომ ასირიელების დიდმა ნაწილმა არ იცოდა წერა-კითხვა მშობლიურ ენაზე. გაკვეთილებმა თავისი შედეგი გამოიღეს, ბავშვებმა ისწავლეს წერა და კითხვა მშობლიურ ენაზე.

წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს საეკლესიო სკოლა

საგანმანათლებლო პროცესში უფრო აქტიურად მონაწილეობის და ამ სფეროში საღვრების გაფართოვების სურვილმა განაპირობა მისიის გადაწყვეტილება გაეხსნა საკვირაო სკოლა. 2000 წელს ჩანაფიქრი განხორციელებულ იქნა: ასირიულ-ქალდეურმა კათოლიკურმა მისიამ საქართველოში დაარსა წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს საეკლესიო სკოლა.

გაკვეთილები კვირაში ორჯერ ტარდებოდა (შაბათობით და კვირაობით) ღვთისმშობლის ამაღლების კათედრალურ ტაძართან არსებულ ინსტიტუტის შენობაში. ყოველწლიურად სკოლაში, მიუხედავად მათი კონფესიური კუთვნილებისა, თბილისის, გარდაბნის და ძველი ქანდის დაახლოებით 75-80 მოსწავლე ირიცხებოდა. სკოლისა და მთლიანობაში მისიის საგანმანათლებლო მოღვაწეობის შედეგად ამ 23 წლის განმავლობაში ასირიელთა არაერთი თაობის წარმომადგენელი ეზიარა მშობლიურ ენას და დამწერლობას.

მიუხედავად სკოლის სასულიერო მიმართულებისა, საერო საგნებიც ისწავლებოდა, რაც აუცილებელი იყო ახალგაზრდა თაობის თანამედროვე საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. ასე, მაგალითად, თანამედროვე არამეული ენის, საეკლესიო აღმოსავლური საგალობლების და რელიგიის ისტორიის გარდა სხვადასხვა წლების სასკოლო პროგრამაში შედიოდა ინგლისურის, ქართულის გაკვეთილები და კომპიუტერული კურსები. ახლახანს შემოღებულ იქნა ფსიქოლოგის კურსი ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

აქვე გვსურს ავღნიშნოთ, რომ სკოლაში ვლინდება ბავშვების ნიჭი, მათი შესაძლებლობები და მიდრეკილებები, სწავლისადმი დამოკიდებულება, მათი პირადი თვისებები და ხასიათის თავისებურებები. სწორედ ნიჭიერი და მონდომებული ბავშვები ხდებიან მომავალში ეკლესიის საგანმანათლებლო პროექტების ბენეფიციარები. იმედი გვაქვს, რომ მომავალში უმაღლესი სასწავლებლების დამთავრების შემდეგ, ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეები გაუზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას ახალგაზრდა თაობას. მოხალისეების სახით ისინი უკვე დღეს ატარებენ გაკვეთილებს საეკლესიო სკოლაში და ბავშვებთან ერთად მონაწილეობენ ჰუმანიტარულ პროექტებში.

საეკლესიო სკოლის ამოცანა გარდა საგანმანათლებლო მოღვაწეობისა მდგომარეობს ბავშვების და ახალგაზრდების გაერთიანებასა და დაახლოებაში. სკოლა არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც ბავშვები ეუფლებიან ცოდნას, არამედ ადგილია, სადაც ისინი სწავლობენ მეგობრობას, სიყვარულს, ერთმანეთის პატივისცემას. ჩვენმა მოსწავლებმა გარდაბნიდან, ქანდიდან და თბილისის სხვადასხვა რაიონებიდან გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ სწორედ ჩვენს სკოლაში.

საშობაო და სააღდგომო დღესასწაულებისათვის, სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებით ემზადებიან. ბავშვები თავიანთ ჯგუფებში საკუთარი ხელებით ამზადებენ სხვადასხვა სადღესასწაულო ნივთებს. შემდგომ გამოაქვთ ნამუშევრები გასაყიდად, მიღებული თანხა ნაწილდება სხვადასხვა საჭიროებებზე - ეს შეიძლება იყოს გაჭირვებული ოჯახების დახმარება, მარტოხელა ინვალიდებისათვის მედიკამენტების შეძენა და ასე შემდეგ. თავისი პატარა წვლილი ბავშვებმა ეკლესიის მშენებლობაშიც შეიტანეს, 2008 წლის საშობაო გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა სწორედ ამ მიზანს მოხმარდა.

საეკლესიო სკოლამ მართლაც ბევრი ბავშვი და ახალგაზრდა, მხოვრები როგორც თბილისში, ასვე გარდაბანში და დაბა ძველ ქანდაში დაახლოვა და დაამეგობრა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი საკრებულოს მომავლისთვის.