ცენტრის არქიტექტურა

წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში

მთავარი / ჩვენ შესახებ

ცენტრის არქიტექტურა
წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში




ასურეთისა და ბაბილონის არქიტექტურისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია თავისებურად გაფორმებული საზეიმო პორტალები (შესასვლელები), რომლებიც გარშემორტყმულია კოშკებით და დაგვირგვინებულია ნახევრადმრგვალი თაღებით. ჩვენ შევეცადეთ ჩვენი ტაძარი აგვეგო ასირიულ-ბაბილონური ხუროთმოძღვრების სტილის გათვალისწინებით.


თვით შენობა ედემის სიმბოლოა. ბიბლიაში (წიგნი დაბადებისა) ედემი სამოთხის ბაღია, ადამიანების თავდაპირველი ბინადრობის ადგილი. ოთხი კოშკი, რომელიც გარს ერტყმის შენობას, ედემის ოთხი მდინარის სიმბოლოა: ფისონი, გეონი, ტიგროსი და ევფრატი.


 
სარგონ II სასახლის პორტალი
ხორსაბადი, ასურეთი 713 წ. ძვ. წ.
  იშტარის კარიბჭე
ბაბილონი 575 წ. ძვ. წ.


მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია
თბილისი 2009 წ.

წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ეკლესია, განლაგებული შენობის ცენტრში, მორწმუნეთათვის წარმოადგენს სამოთხის, უფლის სახლის, უსაზღვრო სიყვარულისა და სიკეთის, მაცხოვრის იესო ქრისტეს სიმბოლოს, ხოლო კოშკები - ჯიგურატები წარმოადგენენ ოთხი მახარებლის სიმბოლოს, და როგორც ედემის ბაღის ოთხი მდინარის კალაპოტით მიეწოდება სიცოცხლის მომცემი წყალი მოსახლეობას, ასევე მახარებლები აწვდიან ხალხებს უფლის მაცოხცხლებელ სიტყვას. ორი წინა კოშკი რამოდენიმე მეტრით უკანა კოშკებზე უფრო მაღალია და, თუ შენობას გვერდიდან შეხედავთ, ის წააგავს ლომის ფიგურას, რომლის ბარელიეფი ხშირად გხვდება უძველესი შუამდინარეთის ხუროთმოძღვრებაში.



 


ლომის გამოსახულება, რომელიც ხასიათდება განჭვრეტისადმი, განდეგილობასა და მარტოობისადმი მიდრეკილებით მახარებელ მარკოზის და თვით უფლის სიმბოლოა. ლომი მეფობის, სიმამაცის, გამბედაობის, უზენაესი ძალაუფლების და კეთილშობილების სიმბოლოა. ლომი იმ ცხოველთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც ხშირად იყენებენ სამყაროს ოთხი მხარის სიმბოლოდ. ლომის გამოსახვა მცველის და მფარველის სახით ძალზედ გავრცელებული იყო ეგვიპტეში, ასურეთსა და ბაბილონში. და ამ ბაბილონის ლომის მსგავსად, რომელიც იცავს ადამიანს და იმავდროულად ახდენს თავისი ძალაუფლების დემონსტრირებას, მაცხოვარი ზრუნავს და იცავს თავის მრევლს ყოველი განსაცდელისიგან, და აქცევს კაცობრიობას თავისი უსაზღვრო სიყვარულისა და სიკეთის მმართველობის ქვეშ.

კოშკები, ისივე როგორც მთელი შენობა გვირგვინდება ასურეთის და ბაბილონის ციხესიმაგრეებისათვის დამახასიათებელი საფეხურისებრი ელემენტით, რომელიც უძველესი დროიდან ძალაუფლებისა და სიდიადის სიმბოლოდ ითვლებოდა. ფანჯრები ძირითადად ვიწრო და მოგრძოა, რაც შენობას მონოლითურ იერს სძენს. თვით შენობა შეღებილია კრემისფრად, ეს ფერი დომინირებდა უძველესი შუამდინარეთის ხუროთმოძღვრებაში და უდაბნოს სიმბოლოდ ითვლებოდა. შენობის წინა კოშკებზე განლაგებულია სამ-სამი მრგვალი ფორმის ფანჯარა, ხოლო მეშვიდე, ასევე მრგვალი ფანჯარა, განლაგებულია შენობის ფასადზე.

თვით წრის ფრომა უნივერსალური სიმბოლოა. იგი ნიშნავს მთლიანობას, უწყვეტობას თავდაპირველ სრულყოფილებას. წრის ფორმა წმინდაა, როგორც ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც შეიცავს უსასრულობის და მარადიულობის მნიშვნელობას.

წრე ფორმაა, რომელიც შეიცავს სივრცის გაგებას და ამავდროულად დროის, დასაწყისისა და დასასრულის არარსებობას. წრე ასევე ნიშნავს დაბრუნებას, ციკლურ მოძრაობას, დინამიზმს. წრე წარმოადგენს უზენაესი ძალაუფლების და ღვთაებრიობის სიმბოლოს, რომლის ცენტრი ყველგანაა, სამყაროს ყველა კუთხეში.

რაც შეეხება ციფრს 7, უნდა აღინიშნოს, რომ უძველეს კულტურებში ჩამოყალიბებული წმინდა ციფრების სისტემა, ნაწილობრივ ათვისებული, ნაწილობრივ კი გადახედულ იქნა და მთლიანობაში ქრისტიანულ სწავლებაში ახალი მისტიკურ - სიმბოლური შინაარსი შეიძინა. ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო დატვირთვა დაეკისრათ ციფრებს, რომლებიც კარგად იყო ცნობილი წმინდა წერილიდან. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ციფრი შვიდი, რომელიც ძველ და ახალ აღთქმაში 700-ჯერ არის ნახსენები. ციფრი შვიდი წმინდა საიდუმლოებების მაჩვენებელია, იგი სამყაროს სულიერ მხარეს ასახავს. ეს არის ბუნების იდუმალი, ღვთაებრივი ძალა. იგი გამოხატავს საყოველთაო წესრიგს (კვირის შვიდი დღე), ასევე დაკავშირებულია ქრისტიანულ ეთიკასთან (შვიდი სათნოება) და სწორედ ამიტომ ნიშნავს ღვთაებრივი საიდუმლოს შეცნობის უზენაესობას და სულიერი სრულყოფილების მიღწევას.

ციფრი შვიდი ეს ადამიანის მისტიკური ბუნებაა, ჰარმონიული დამოკიდებულება სამყაროსთან, ადამიანის შვიდი კარი: ორი თვალი, ორი ყური, ორი ნესტო და პირი. გარდა ამისა ციფრი 7 სამყაროს, მაკროკოსმოსის, მთლიანობის და სრულყოფილების აღმნიშვნელია.

უნდა ითქვას, რომ შენობის საძირკველის მშენებლობისას გამოყენებულ იქნა ქვის მასალა. უძველეს დროში ქვა ითვლებოდა ძირითად სამშენებლო მასალად, რომლისგანაც აშენებდნენ საცხოვრებელ სახლებს და ტაძრებს. ბიბლიაში ქვა ფართოდ გამოიყენება სიმბოლური მნიშვნელობითაც. ქვა უპირველეს ყოვლისა, სიმყარის, საიმედოობის, სიმტკიცის და უფლის კაცობრიობასთან კავშირის ურყეობის სიმბოლოა:“ამიტომ, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და ასრულებს მათ, ჰგავს გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი. ხოლო ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს მათ, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი”. (მათე 7; 24, 26).

ჩვენი შენობა მრავალფუნქციურია. თვითოეულ კოშკში განლაგებულია კლასები, სადაც ტარდება გაკვეთილები და ლექციები საკვირაო სკოლის მოსწავლეებისათვის. კლასები აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. შენობის სარდაფში განლაგებულია სასადილო ოთახი, საბანკეტო დარბაზი, ფოიე, თეატრალური დარბაზი სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. შენობის ცენტრში განლაგებულია ეკლესია, ხოლო კოშკების ზემო სართულებზე საცხოვრებელი ფართი. მთლიანობაში შენობა წარმოადგენს უძველესი აღმოსავლური ცივილიზაციისა და ქრისტიანული შუამდინარეთის არქიტექტურულ და რელიგიურ-კულტურულ სინთეზს, რაც ყველაზე ნათლადაა წარმოდგენილი ეკლესიის სიმბოლიზმში.


 
საბანკეტო დარბაზი   სასადილო ოთახი


 
ფოიე   თეატრალური დარბაზი


 
საეკლესიო მაღაზია   მისაღები


 
საკონფერენციო დარბაზი   მუსიკის კლასი


 
სადიაკვნე   ნათლობისთვის განკუთვნილი ოთახი