მიზნები და ამოცანები

წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში

მთავარი / ჩვენ შესახებ

მიზნები და ამოცანები
წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში




გაგვაჩნია უდიდესი სურვილი შევინარჩუნოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს კულტურის ფასდაუდებელი ძეგლები, საოცარი სულიერი მემკვიდრეობა, ჩვენი წინაპრების ტანჯვითა და სისხლით გაჟღენთილი, რომლებმაც, მიუხედავად ბედის უკუღმართობისა, დევნისა, სოციალური და ეკონომიური პრობლემებისა შესძლეს და მოიტანეს ჩვენამდე სულიერი საგანძური, რათა ჩვენ, ჩვენის მხრივ, გადავცეთ იგი მომავალ თაობებს, ჩვენს შთამომავლებს. შეგვიძლია გამოვყოთ რელიგიურ-კულტურული ცენტრის მოღვაწეობის შემდეგი ძირითადი პუნქტები:


ვაზიაროთ ჩვენი ერის წარმომადგენლები ქალდეური წესის ღთისმსახურებას;
ჩვენი წელთაღრიცხვის 2-3 საუკუნით დათარიღებული უძველესი აღმოსავლური საგალობლების შესწავლა და შენარჩუნება, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს ბერებისა და სასულიერო პირების წყალობით, ისინი თავდაუზოგავად, თაობიდან თაობამდე გადმოსცემდნენ ამ ფასდაუდებელ სიმდიდრეს ზეპირი ტრადიციის მეშვეობით;
ვაზიაროთ მომავალი თაობა მშობლიურ არამეულ ენასა და დამწერლობას. ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისია საქართველოში დღიდან დაარსებისა დაუღალავად მუშაობდა იმისათვის, რომ არ მისცემოდა დავიწყებას ჩვენი კულტურა, არამეული ენა, ის ენა, რომელზეც თვით მაცხოვარი იესო ქრისტე ქადაგებდა, ენა, რომელზეც დაწერილია ძველი და ახალი აღთქმის ფრაგმენტები, ენა, რომელზეც ბედის უკუღმართობით მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ასირიელები და ქალდეველები აღავლენენ ლოცვას უზენაესისადმი;
ბიბლიური შეხვედრების ჩატარება, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის აღზრდას ქრისტიანული პრინციპების, სიყვარულის, გულმოწყალების, შენდობისა და შემწყნარებლობის სულისკვეთებით;
ლიტერატურული ძეგლების შესწავლა, უძველეს ასირიულ - ქალდეურ წერილობით ტექსტებზე მუშაობა, მათი აღდგენა და შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის;
შემოქმედებითი შეხვედრების, პოეზიის საღამოების ორგანიზება, სადაც იქნება წარმოდგენილი, როგორც ძველი, ასევე თანამედროვე ავტორების ნამუშევრები;
ეროვნული საცეკვაო და ვოკალური ხელოვნების განვითარება;
დრამატული წრეების შექმნა, სპექტაკლების დადგმა, თეატრალური ხელოვნების შესწავლა;
კულტურულ-საგანმანთლებლო ღონისძიებების ჩატარება სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობით;
უკვე არსებული სასულიერო, ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების შენარჩუნება და ახალი პროექტების და იდეების დანერგვა.


ახალი შესაძლებლობები ბადებენ ახალ იდეებს. უკვე არ არსებობს დაბრკოლება ღონისძიებების ჩატარებისას შესაბამისი ფართის არქონის გამო.
2000 წელს დაარსებული საეკლესიო სკოლა 2010 წლიდან აგრძელებს თავის კეთილ ტრადიციებს წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში. ბავშვები სიამოვნებით ღებულობენ მონაწილეობას, როგორც უშუალოდ ღონისძიებებში, ასევე მათი მომზადების პროცესში. ასე, მაგალითად, 2010 წლის იანვარში, მოეწყო ყოველწლიური საახალწლო ზეიმი, რომელზეც ბავშვებს დაურიგდათ საშობაო საჩუქრები, შედგა აგრეთვე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა, ჩატარდა სოციალური ხასიათის თამაში «პრეზიდენტის არჩევნები», რომლის დროსაც უმცროსი ჯგუფის მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი საპრეზიდენტო პროგრამა.
კვირაობით, ღვთისმსახურების შემდგომ, მრევლი იკრიფება საბანკეტო დარბაზში, სადაც მათ ელით ცხელი ჩაი და ტკბილეული. ისინი უზიარებენ ერთმანეთს სიხარულსა თუ გასაჭირს, ეს ურთიერთობა აახლოვებს მათ და აძლევს საშუალებას უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. დიდ საეკლესიო დღესასწაულებს მრევლი, როგორც ერთი დიდი ოჯახი ერთად აღნიშნავს, რადგან ერთმანეთზე ზრუნვა და ურთიერთობა შესაძლოა სწორედ ის არის, რაც ზოგჯერ ყველაზე მეტად გვაკლია ცხოვრებაში.
პერსპექტივაში ძალიან ბევრი პროექტი და იდეა გაგვაჩნია, მაგრამ უკვე დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია, როგორც რელიგიის და კულტურის ცენტრი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრევლის გაერთიანების, მათი მშობლიური ენისა და კულტურისადმი დაახლოების საქმეში, ამავდროულად ხელს უწყობს ასირიელთა ინტეგრაციას თანამედროვე საზოგადოებაში.