შენობის სიმბოლიკა

წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში

მთავარი / ჩვენ შესახებ

შენობის სიმბოლიკა
წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში




ეკლესიაში თქვენ ოთხმეტრიანი სიმაღლის ცენტრალური კარით მოხვდებით, რომლის თავზეც ძველ არამეულ ენაზე შესრულებული წარწერა გვამცნობს: ”აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან, მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან” (გამოცხ. 3,20).


უშუალოდ წარწერის ქვემოთ, კუთხეებში განლაგებული ფიგურები სტილიზებული ხის ფესვების სახით, ძველი აღთქმის სიმბოლოს წარმოადგენენ (თორა და წინასწარმეტყველთა წიგნები). ისინი თითქოს და ქედს იდრეკენ მაცოცხლებელი მდინარეებს შორის მოქცეული ფინიკის პალმის გამოსახულების წინაშე. ფინიკის პალმა აღმოსავლეთში ითვლება ნაყოფიერების და უდაბნოში სიცოცხლის წყაროდ, აგრეთვე სიწმინდისა და მშვიდობის სიმბოლოდ. სწორედ ამიტომ ითვლება ფინიკის პალმა ჩვენი უფლის და მაცხოვრის იესო ქრისტეს სიმბოლოდ, რომელიც მშვიდობასა და იმედს უნერგავს მთელს კაცობრიობას და ყველა მწყურვალთათვის ითვლება ადამიანთა ეგოიზმის და გულგრილობის უდაბნოში მარადიული სიცოცხლის დაუშრეტელ წყაროდ.


ცენტრალური შესასვლელიდან თქვენ დაინახავთ სამმეტრიანი სიმაღლის კარებს, რომლებსაც უშუალოდ ეკლესიის დარბაზში მიჰყევხართ. კარებზე გამოსახულია ანგელოზები, მათ ერთ ხელში უკავიათ შველი, ხოლო მეორეში ფინიკის პალმის ტოტი (ეს ფიგურა თავდაპირველად გამოსახული იყო მეფე აშურნასირპალის სატახტო დარბაზის ერთ-ერთ კარებზე). ეკლესიის კარებზე გამოსახული ანგელოზები ლოცავენ მრევლს და იწვევენ ტაძარში ყველა მსურველს ღმერთის მაცოცხლებელი სიტყვის მოსასმენად. ორი ანგელოზის გამოსახულება აძლიერებს მათ სურვილს აზიარონ უფლის სიტყვას რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მოიცვან ყველა, მთელი კაცობრიობა.



ირემი სასურველი სიმბოლოა.
იგი ასოცირდება მზესთან, სინათლესთან, სისუფთავესთან, განახლებასთან, აღორძინებასთან, აღმშენებლობასთან და სულიერებასთან. ირმის რქების ტოტებთან მსგავსების გამო მისი გამოსახულება ასოცირდება სიცოცხლის ხესთან. გარდა ამისა, ირმის რქები მზის სხივებისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. ქრისტიანულ კულტურაში ირემი განდეგილობის, ღვთისმოსაობის და სიწმინდის სიმბოლოა. აგრეთვე ირემი ითვლება სიმბოლოდ სულისა, რომელსაც სწყურია უფლის სიტყვის მოსმენა: ”როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო!” (ფსალმუნი; 41,2).


ფინიკის პალმა უძველესია კაცობროიბისათვის ცნობილ კულტურულ მცენარეთაგან. პირველად იგი უძველესმა შუმერებმა და ასირიელებმა შემოიყვანეს კულტურაში. ახლო აღმოსავლეთის ხალხებისათვის ფინიკის პალმა “კოსმიური” ხის ცოცხალ განსახიერებად ითვლებოდა.


ფინიკები (პალმის ნაყოფი) შეადგენდნენ (და დღემდე შეადგენენ) აღმოსავლეთის უძველესი ხალხების კვების რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს. პატივისცემის ნიშნად ფინიკის პალმა გამოსახული იყო პირამიდების, ტაძრების კედლებზე, ბეჭდებზე და ბარელიეფებზე. აღმოსავლეთში მას დღემდე “დალოცვილ ხეს” ან “უდაბნოს დედოფალს” უწოდებენ. პალმა ნაყოფიერების, კეთილდღეობის კლასიკურ სიმბოლოდ და გამარჯვების ემბლემად ითვლება.
იგი აგრეთვე ასოცირდება დღეგრძელობასთან, ხოლო პალმის ტოტი მშვიდობისა და სიმშვიდის ერთ-ერთი ნიშანია. მარადმწვანე ფინიკის პალმას ბიბლიაში წმინდანს ადარებენ. ქრისტიანულ სარწმუნოებაში ის მოწამეობის და სიწმინდის სიმბოლოა (მომლოცველებმა თავიანთი სახელი მოიპოვეს პალმის ტოტების საპატივცემლოდ, რომლებიც მათ წმინდა მიწიდან ჩამოჰქონდათ).



კარების უკანა მხარეს გამოსახულია სიცოცხლის წმინდა ხე. ხე უძველესი დროიდან წარმოადგენს უსასრულოდ განახლებულ ცოცხალ კოსმოსს. სხვადასხვა კულტურაში მრავალი ხე ითვლებოდა წმინდად და მაგიურად. თავისი ფორმით ხე განვითარების სიმბოლოა. მისი ტოტები, რომლებიც წარმოადგენენ მრავალფეროვნებას, შორდებიან ხის ტანს, და ერთიანობის სიმბოლოდ ითვლებიან. ხე სიცოცხლის, ნაყოფიერების სიმბოლოა, ასოცირდება უკვდავების წყაროსთან (სიცოცხლის ხე) და, რა თქმა უნდა, ითვლება აღდგომის და აღორძინების სიმბოლოდ. ეკლესიის კარებზე გამოსახული ხის ტოტები გვირგვინდება ფინიკის პალმით და გვირილებით.


უძველესი დროიდან გვირილას ეთაყვანებოდნენ და აღიარებდნენ მზისადმი მიძღვნილ ყვავილად. მისი მეშვეობით ბევრ დაავადებას მკურნალობდნენ. გვირილა შუამდინარეთის ორნამენტიკაში ყველაზე გავრცელებული მოტივი იყო. მას, თავისი მრგვალი ფორმის გამო, მზის სიმბოლოდ თვლიდნენ, აგრეთვე გვირილა აღნიშნავდა სამყაროს წრიულ ბრუნვას. გვირილა იმედის სიმბოლოა, შვებისმომგვრელი სამკურნალო ყვავილი, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე და განკურნება. შუამდინარეთის მაცხოვრებლები ხშირად იყენებდნენ გვირილას თავის ორნამენტიკაში. ჩვენს ეკლესიაშიც ეს უმთავრესი ორნამენტი ხშირად შეგხვდებათ (კარებზე, იატაკზე, ეკლესიის აივანზე და ა.შ.).


ეკლესიის დარბაზში შესვლისთანავე პირველი, რაც მიიზიდავს თქვენს ყურადღებას მარმარილოს ფილაზე, გვირილის ზემოთ და ქვემოთ გამოსახული ორი ტალღოვანი ზოლია. ეს ზოლები შუამდინარეთის ხალხებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის სიმბოლოა. მიდამოს, განლაგებულს მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე ერქვა შუამდინარეთი და ითვლებოდა ევრაზიული ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვნად. ოდითგანვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდათ ამ მდინარეებს. იმ როლით, რასაც ტიგროსი და ევფრატი თამაშობდნენ ხეობაში მცხოვრები ხალხებისათვის, ისინი ერთ-ერთ ყველაზე თავისებურ და აღსანიშნავ მდინარეებად ითვლებიან.



მარმარილოს ფილის თეთრი ფერი სიწმინდის და სიმშვიდის სიმბოლოა, გვირილა იმედის, მწვანე ზოლი - სიცოცხლის, ხოლო წითელი მოკრძალებისა და მოწამეობის. მთლიანობაში გამოსახულების აზრი შემდეგში მდგომარეობს: თუ ადამიანი ცხოვრობს სინდისის მიხედვით, ჭეშმარიტების გზას არ უხვევს და, მიუხედავად ტანჯვისა და გაჭირვებისა, თავისი პრინციპების ერთგული რჩება მისი ცხოვრება საბოლოო ჯამში გაბრწყინდება სიწმინდით, იმედითა და სიმშვიდით.


გვირილისა და მდინარეების კომპოზიციიდან, ესე იგი სიცოცხლისა და ნათლის წყაროდან, ეკლესიის მთელი დარბაზი გარშემორტყმულია ჯაჭვის ფორმის ორნამენტით. ჯაჭვი კავშირის სიმბოლოა, გავიხსენოთ იაკობის ღმერთთან ბრძოლის ბიბლიური სცენა. ღმერთმა აკურთხა იაკობი და უწოდა მას ისრაელი, რაც ძველ არამეულად ნიშნავს “უფალმა შეკრა”.


ჯაჭვის გამოსახულება მოიცავს არა მარტო ორი ელემენტის კავშირს, არამედ გულისხმობს მათ შორის თანმიმდევრული კავშირის არსებობის იდეას. ჯაჭვი შეიძლება ჩაითვალოს ცისა და დედამიწის წმინდა კავშირის სიმბოლოდ. ჯაჭვი, დაჯილდოვებული უწყვეტობის, ერთიანობის, ერთობის, ადამიანისა და ღმერთის მარადიული კავშირის მახასიათებლებით, სამყაროს კონცეფციას გადმოსცემს, აგრეთვე გამოხატავს ღვთის შვილებს შორის თანასწორობის იდეას. ეკლესიის დარბაზის კუთხეებში განლაგებული ოთხი წრე აკავშირებს ჯაჭვს ერთმანეთთან და ითვლება მახარებლების სიმბოლოდ, რომლებიც ქადაგებენ და ავრცელებენ ღვთის სიტყვას სამყაროს ოთხივე მხარეში.


 


სკამები ეკლესიის დარბაზში მორწმუნეთა სიმბოლოა, ყველასი, ვინც ისმენს უფლის სიტყვას. სკამები ჯაჭვის ორნამენტის ფარგლებშია მოქცეული - სიმბოლურად ღმერთის უსაზღვრო სიყვარულისა და სიკეთის ნებაყოფლობით ტყვეობაში. ჯაჭვის რგოლები თითქოს და გარს ერტყმიან სკამებს და ამით აძლიერებენ ხალხის კავშირს და ერთობას ღმერთან, აგრეთვე ეკლესიის დარბაზში მყოფი და უფლისადმი მლოცველი ხალხის კავშირს საყოველთაო ეკლესიასთან, ყველა მორწმუნესთან დედამიწის ზურგზე.


ჯაჭვის ორნამენტი უშუალოდ საკურთხევლის წინ მთავრდება, სადაც ის ერწყმის გვირილით დაგვირგვინებული წმინდა ხის გამოსახულებას, რაც სიმბოლოა მარადიული სიცოცხლისა და სინათლის, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი უფლის და მაცხოვრის იესო ქრისტესგან. ეკლესიის დარბაზის ცენტრში განლაგებულია მარმარილოს ფილა ბაბილონის მზის გამოსახულებით, რომელიც მოთავსებულია 1.5 დიამეტრის წრეში და მორთულია სახასიათო ელემენტებით.


მზე უმაღლესი კოსმიური ძალის, დიდების, მეფურობის სიმბოლოა. მზე სიცოცხლის, ნათლის ბნელზე, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების და თვით ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს სიმბოლოა.


1. მზე გარშემორტყმულია ორი წრით, რომლებიც უფლის ორი ბუნების სიმბოლოა: ღვთიურისა და ადამიანურის.
2. შვინდისფერი წრე უფლის მოწამეობას, მარადიულ, ზეციურ სიცოცხლეს ნიშნავს.
3. მწვანე ფერის წრე იმედის და მიწიერი ცხოვრების სიმბოლოა.
4. ოთხი ნახევარრკალი მახარებლების სიმბოლოა.
5. საფეხურის ფორმის 12 ორნამენტი იესო ქრისტეს მოციქულების სიმბოლოა.
6. წრეზე დისკის შიგნით განლაგებული 12 მართკუთხა ფიგურა ისრაელის 12 ტომის, ძველი აღთქმის სიმბოლოა, რომელსაც ეყრდნობა ახალი აღთქმა და უფლის სწავლება.


შენობის, სიმბოლურად კი სამყაროს ცენტრი, განლაგებული მზის გამოსახულება თავისი სხივებით ანათებს, აკურთხებს მთელს მსოფლიოს და ჩუქნის კაცობრიობას სიყვარულსა და იმედს.