ტაძრის მოწყობილობა

წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში

მთავარი / ჩვენ შესახებ

ტაძრის მოწყობილობა
წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში




ტაძრის მოწყობილობა მსგავსია იერუსალიმის ტაძრის მოწყობილობისა. საკურთხევლის სივრცე დაყოფილია სამ ნაწილად. ცენტრში განლაგებულია უშუალოდ საკურთხეველი, ჩრდილოეთით სადიაკვნე, სამხრეთით - სივრცე ნათლობისთვის.

საკურთხევლიდან ჩრდილოეთ და სამხრეთ სივრცეებში მოხვდებით ვიწრო, დაბალი კარების მეშვეობით (კარებში გამვლელი აუცილებლად უნდა მოიხაროს ნიშნად პატივისცემისა და მოკრძალებისა). საკურთხეველი გამოყოფილია ეკლესიის დარბაზისაგან ფარდით, რომელიც დამაგრებულია ხის მსუფუქ კონსტრუქციაზე. კონსტრუქციის ზემოთ განთავსებულია მაცხოვრის გამოსახულება და წარწერა ბიბლიიდან ძველ არამეულზე: ”მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ!”. (მათე 11,28).


 


საკურთხეველი საფეხურისებრი ფორმისაა და შედგება სამი საფეხურისაგან (დონისაგან). პირველი ორი განკუთვნილია დიაკვნებისა და სტიქაროსნებისათვის. აქვე არის კათედრა, საიდანაც იკითხება ფსალმუნი და წარმოითქმის ქადაგება. მესამე საფეხურზე განლაგებულია წმინდა ტრაპეზი. მსახური ღვთისმსახურების ჟამს აღმოსავლეთისაკენ სახით დგას. წმინდა ტრაპეზზე მოთავსებულია სახარება, ხოლო მის ზემოთ წმინდა ჯვარცმა.

აღმოსავლეთის კედელთან განლაგებულია დიდი სანაწილე, რომელშიც მოთავსებულია წმ. ძღვენი - ამ ადგილს წმიდა წმიდათა ეწოდება. საკურთხევლის სივრცეში აგრეთვე ინახება წმ. ჭურჭელი და წმ. ზეთი. აღმოსავლეთ ნაწილში დგას საპატრიარქო ტახტი.


ეკლესიის საძირკველში, იქ სადაც განლაგებულია წმინდა ტრაპეზი, ჩადებულია ქვა ურმიის (ირანი) წმ. ღვთისმშობლის ეკლესიის საძირკველიდან, რომელიც მრავლსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში გაჟღენთილია ჩვენი წინაპრების, ძალადობის და დევნის უდანაშაულო მსხვერპლთა სისხლით. ეს ქვა არის სიმბოლო ერთობისა ჩვენს მრავალტანჯულ წინაპრებთან - რწმენისათვის წამებულებთან.


სადიაკვნეში და ნათლობისთვის განკუთვნილ სივრცეში შესასვლელების წინ მოთავსებულია მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები. აქ მორწმუნეებს შეუძლიათ აანთონ სანთლები.


 

ეკლესიის კედლებზე ჯვრის გზის მომენტების ამსახველი ხატებია განლაგებული. ჯვრის გზა სრულდება ვნების პარასკევს. ჯვრის გზა მორწმუნეთა მეხსიერებაში აღადგენს ქრისტეს ტანჯვის ძირითად მომენტებს. მლოცველები მგლოვიარე ღვთისმშობელთან ერთად განიცდიან უფლის ტანჯვას და იესოს მიჰყვებიან ლოცვით გოგლგოთაზე. მსვლელობის დროს მლოცველები ჩერდებიან, ყოველ შეჩერებასთან ლოცულობენ და გალობენ.


 

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ეკლესიაში ყველა ხატი დაწერილია აღმოსავლურ სტილში და წარწერები (ციტატები წმინდა წერილიდან) როგორც ხატებზე, ასევე წმ. ჯვარცმაზე შესრულებულია ძველ არამეულ ენაზე.



ტაძრის მფარველის
წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ხატი



ტაძრის მფარველის წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ხატი უნიკალურია, ის სპეციალურად ჩვენი ტაძრისთვისაა დაწერილი. მომავლისთვის ვგეგმავთ ჩვენ ტაძარში აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა წამებულების ხატები დავაბრძანოთ.