მარ შიმონ ბარ საბაე (მღებავთა ოჯახიდან) იყო სპარსეთის ქალაქ სელევკია-კტესიფონის კათოლიკოსი. იგი ძალზედ პატივცემული პიროვნება გახლდათ, მის რჩევებს თვით მეფე უგდებდა ყურს. იმ დროს სპარსეთს მართავდა სასტიკი და სისხლისმსმელი მეფე შაფურ II. 340 წელს მან გამოსცა ბრძანება, რომლითაც ქრისტიანები მძიმედ იბეგრებოდნენ. როდესაც ზოგიერთმა მათგანმა უარი განაცხადა ხარკის გადახდაზე, მეფემ ეს მის წინააღმდეგ აჯანყებად აღიქვა და ქრისტიანების სასტიკი დევნა გააჩაღა. მეფემ გასცა ბრძანება შეეპყროთ მარ შიმონი და არ გაეშვათ მანამდე, სანამ ის არ შეპირდებოდა, რომ დაიწყებდა ქრისტიანებისაგან სამეფო ხაზინისათვის გადასახადების შეგროვებას.
მაგრამ როგორ შეეძლო მარ შიმონს, ღარიბთა და ღატაკთა მფარველს, შეესრულებინა ბრძანება, რომლითაც მისი ხალხი შიმშილით სიკვდილისათვის იქნებოდა განწირული. მეფე განაგრძობდა მარ შიმონის დარწმუნებას თაყვანი ეცა მზისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ქვეყანაში ქრისტიანობის სრულად განადგურებით იმუქრებოდა. მიუხედავად ყველა მუქარისა მარ შიმონმა უპასუხა: “მე მაქვს ერთი სული და იგი ეკუთვნის უკვდავ ღმერთს, შემოქმედს ცისა და მიწისა”.
იმ საშინელ დღეებში ბევრი სასულიერო პირი იყო შეპყრობილი. და ისევ ბძანა მეფემ მარ შიმონი მიეყვანათ სამეფო სასახლეში. მიუხედავად მრავალი მცდელობისა მეფემ მაინც ვერ მოახრევინა ქედი მარ შიმონს. მაშინ მან გასცა ბრძანება მახვილით განეგმირათ დატყვევებული ქრისტიანები მარ შიმონის თვალწინ. უშიშრად მიდიოდნენ სიკვდილზე მარ შიმუნის მიერ კურთხეული ქრისტიანები. ბოლოს მარ შიმონი მივიდა ჯალათთან და ლოცვით დადო თავი საჯალათო კუნძზე. ეს ტრაგედია დატრიალდა 340 წლის 14 აპრილს. მთელი საპასექო კვირის განმავლობაში (იმ წელს აღდგომა 23 აპრილს იყო) გრძელდებოდა ქრისტიანთა ჟლეტა.
იმ საშინელ დღეებში, ეპისკოპოსებთან და მღვდელმსახურებთან ერთად მრავალმა უბრალო ქრისტიანმა მიიღო მოწამეობრივი სიკვდილი.