ღვთისმსახურება

სასულიერო მოღვაწეობა

მთავარი / პროექტები

ღვთისმსახურება
სასულიერო მოღვაწეობა




ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისიის მოღვაწეობა საქართველოში დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში დაიწყო. მამა ბენიამინ ბეთ-იადეგარის საქართველოში ჩამოსვლისთანავე (1995 წლის მაისი) შეიქმნა არამეული ენისა და დამწერლობის შემსწავლელი ჯგუფი. ენისა და დამწერლობის ცოდნა აადვილებდა და ხელს უწყობდა წირვის სტრუქტურის შესწავლას და წმინდა წერილის კითხვას. უკვე გარკვეული დროის შემდეგ მოსწავლეები მშობლიურ არამეულ ენაზე კითხულობდნენ ეკლესიაში წმ. მოციქულ პავლეს ეპოსტოლეებს.

ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისიის დაარსების დღიდან მამა ბენიამინი მსახურობდა არამეულ ენაზე ქალდეური წესის შესაბამისად მარ ადაისა და მარ მარის ლიტურგიას (ერთ-ერთი სამი ანაფორისაგან, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება აღმოსავლურ ეკლესიებში ღვთისმსახურებისას). ქალდეური წესის ტრადიციების შესაბამისად აღესრულებოდა ასევე საეკლესიო საიდუმლოებები. ქალდეური ეკლესია ხელმძღვანელობს გრიგორიანული კალენდრით.

დასაწყისში წირვა ტარდებოდა, როგორც თბილისში წმ. მოციქულების პეტრესა და პავლეს კათოლიკურ ეკლესიაში, ასევე ქ.გარდაბანში. თბილისში წირვა ტარდებოდა ხუთშაბათობით 16:00, ეს იყო ჩვენი მრევლისთვის შემოთავაზებული ერთადერთი თავისუფალი დრო. მრევლისთვის, რა თქმა უნდა, ჭირდა კვირის ამ დღეს ღვთისმსახურებაზე დასწრება, მოგვიანებით გამოგვიყვეს შაბათის დღე. ეკლესიის მრევლი შედგებოდა სხვადასხა კონფესიის წარმომადგენლებისაგან.

ეკონიმიკური კრიზისი, რომელიც უმუშევრობისა და ემიგრაციის ძირითად გამომწვევ მიზეზად ითვლებოდა, შეეხო გარდაბნის მოსახლეობასაც. გარდაბანი მდებარეობს თბილისიდან 33 კმ მოშორებით. ქალაქის მოსახლეობის ძირითად ნაწილს აზერბაიჯანელები შეადგენენ. ასირიელები აქ 1956-57 წლების რეაბილიტაციის შემდეგ დასახლდნენ. მანამდე ისინი ცხოვრობდნენ ხანლარში (აზერბაიჯანი).

90-იან წლებამდე გარდაბანში დაახლოებით 80 კომლი კათოლიკე ასირიელი ცხოვრობდა და თითქმის ამდენივე მართლმადიდებელი ასირიელი. 90-იანი წლების შემდეგ ბევრი გაემგზავრა საზღვარგარეთ სამუშაოდ, ძირითადად რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში. თანდათანობით ზოგიერთმა მათგანმა ოჯახებიც წაიყვანა და თითქმის ორჯერ შემცირდა ასირიელ მოსახლეთა რაოდენობა. და ის, ვინც დარჩა უკიდურეს სიდუხჭირეში იმყოფებოდა და პრაქტიკულად ნათესავების მიერ გამოგზავნილი ფულით ირჩენდა თავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყოველ კვირას გარდაბნიდან თბილისში წირვაზე დასასწრებად ჩამოსვლა ძალზედ ძვირი ჯდებოდა და ცოტა ვინმეს თუ შეეძლო მაშინ გარდაბანში მიეცა თავისთვის ამის უფლება. საშუალოდ სამი ადამიანისაგნ შემდგარი ოჯახის სატრანსპორტო ხარჯები თბილისამდე და უკან ერთი თვის პენსიის ტოლფასი იყო. თუმცა ისეთებიც იყვნენ, ვინც, მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, მაინც ჩამოდიოდნენ.

მამა ბენიამინი ყოველ ხუთშაბათს მიემგზავრებოდა გარდაბანში და ადგილზე ატარებდა წირვას ერთ-ერთი აქტიური მრევლის ჟანა ავროს სახლში. მას ხშირად მიჰყავდა თბილისიდან გუნდის წევრები, ისინი ეხმარებოდნენ ადგილობრივ მრევლს წირვის სტრუქტურის შესწავლაში.

1999 წელს თბილისში აკურთხეს წმ. ღვთისმშობლის მიძინების კათედრალური ტაძარი (გ.აბესაძის ქ.4). მამა ბენიამინის დაჟინებული თხოვნით ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა მეუფე ჯუზეპე პაზოტომ მოგვცა საშუალება ჩაგვეტარებინა წირვა კათედრალურ ტაძარში კვირაობით 10 საათზე. ამ ამბავმა ძალზედ გაახარა ჩვენი მრევლი და 2009 წლამდე, წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის გახსნამდე, წირვა ტარდებოდა კათედრალურ ტაძარში.

თვეში ერთხელ დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე გარდაბნიდან სამარშრუტო ტაქსით ჩამოსული მრევლის სატრანსპორტო ხარჯები ნაწილობრივ იფარება ეკლესიის ფონდიდან.