სტუდენტების დახმარება

საგანმანათლებლო მოღვაწეობა

მთავარი / პროექტები

სტუდენტების დახმარება
საგანმანათლებლო მოღვაწეობა




საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის საგანმანათლებლო მოღვაწეობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საეკლესიო სკოლაში სხვადასხვა საგნების სწავლებით. ის ყოველთვის ითვალისწინებდა ქვეყნის განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს და ახორციელებდა პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობდა ასირიელი მოსწავლეების და სტუდენტების წინსვლას. ამ მიზნით იყო მიღებული გადაწყვეტილება სკოლის მოსწავლეებისათვის და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის ფინანსური დახმარების გაწევისა.

რამდენიმე წლის განმავლობაში ეკლესიის ფონდიდან სკოლის მოსწავლეებისათვის გამოიყოფოდა გარკვეული რაოდენობის თანხა სასკოლო ნივთების, სახელმძღვანელოების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად. პროექტი ხორციელდებოდა თბილისსა და გარდაბანში. ამ პროექტისათვის ბავშვების შერჩევა ხდებოდა ყველაზე გაჭირვებული ასირიული ოჯახებიდან (მიუხედავად მათი კონფესიური კუთვნილებისა). აუცილებელ მოთხოვნად ითვლებოდა მოსწავლის კარგი ყოფაქცევა და სწავლის მაღალი მაჩვენებლები სკოლაში (ამ მოთხოვნების შესრულება დღესაც აუცილებელი პირობაა ეკლესიაში არსებული ყველა საგანმანათლებლო პროექტისათვის).

აგრეთვე ფუნქციონირებდა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა უმაღლესი სასწავლებლების უფასო განყოფილებების გაჭირვებული სტუდენტების სატრანსპორტო ხარჯების დაფარვას, ხოლო ფასიანი განყოფილებების სტუდენტებს ნაწილობრივ ერიცხებოდათ სწავლის საფასური (ეს პროექტი დღესაც ფუნქციონირებს ეკლესიაში).

2006-2008 წლებში ფუნქციონირებდა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა აბიტურიენტების მომზადებას ერთიანი სახელმწიფო გამოცდისათვის. ეკლესია უდიდეს მადლობას უხდის პედაგოგებს და საგანმანათლებლო კომისიის წევრებს ქალბატონებს ოლღა ბით-ბაბიკს და დიანა ბით-ვარდს, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ ამზადებდნენ პროექტის ბენეფიციარებს რუსულ ენასა და ლიტერატურაში და აგრეთვე უზრუნველყოფდნენ პროექტში მაღალკვალიფიციური პედაგოგების და უმაღლესი სასწავლებლების ლექტორების ჩართულობას, რომლებიც სხვადასხვა აუცილებელ საგნებში ამზადებდნენ აბიტურიენტებს. ეს საგანმანათლებლო პროექტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა, მისი არსებობის ორი წლის განმავლობაში, ინდივიდუალური პროგრამის ორივე აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი სახელმწიფო გამოცდები და გახდა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი.

ზოგადად, ამ წლების განმავლობაში თბილისის და გარდაბნის დაახლოებით 40 სტუდენტი გახლდათ ეკლესიის საგანმანათლებლო პროექტების ბენეფიციარები.

საგანმანათლებლო პროექტების გარდა, აგრეთვე არსებობს სხვადასხვა ხელობის დაუფლების მსურველთათვის პროფესიონალური კურსები (მინანქრის შესწავლა, სადურგლო საქმე, ჭრა-კერვის შესწავლა).