ეკლესიის კურთხევა

წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში

მთავარი / ჩვენ შესახებ

ეკლესიის კურთხევა
წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში




ქ.თბილისში წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის კურთხევა


2009 წლის 17 ოქტომბერს ქ.თბილისში წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ - ქალდეური კათოლიკური ეკლესიის კურთხევა, იმ მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც, გადაჭარბების გარეშე, ოქროს ასოებით შევა საქართველოში მცხოვრებ ასირიელთა მატიანეში.


კურთხევის ცერემონიას უძღვებოდა მისი უწმინდესობა, ბაბილონის ქალდეველთა პატრიარქი მარ ამანუელ III დელი, რომელიც, ადგილობრივი საკრებულოსა და სრულიად ეკლესიისათვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად სპეციალურად ჩამოვიდა ერაყიდან საქართველოში.


მარ ამანუელ III დელის თან ახლდნენ მისი აღმატებულება დამხმარე ეპისკოპოსი მარ შლემუნ ვარდუნი და ერაყის პარლამენტის ორი წარმომადგენელი. უცხოელი სტუმრებიდან ცერემონიას ესწრებოდნენ მღვდელმსახურები, უმაღლესი სასულიერო პირები, დონორები, აგრეთვე ევროპის, აშშ და ახლო აღმოსვლეთის ქალდეური ეკლესიების მრევლი, კერძოდ: მისი აღმატებულება მარ თომა მერამი ურმია-სალამასის მთავარეპისკოპოსი (საქართველოში მცხოვრებ ასირიელთა უმეტესი ნაწილი წარმოშობით სწორედ ამ რეგიონიდანაა), წმ. მოციქულ თომას ქალდეური კათოლიკური ეპარქიის (დეტროიტი-აშშ) მღვდელმსახურები: მანუელ ბოჯი, ნოელ გორგისი, საბრი კეჯბუ, იოსებ ბაში, აგრეთვე მამა საბრი ანარი და მონაზონი ლუსია ნონაჰი წმინდა მოციქულ თომას ეკლესიიდან (სარსელი-საფრანგეთი).


მეორე დღეს, 18 ოქტომბერს მისმა უწმინდესობამ მარ ამანუელმა ღვთისმსახურების დროს მამა ბენიამინ ბეთ-იადეგარის ქორეპისკოპოსად კურთხევის წესი აღასრულა. ამავე დღეს თბილისისა და გარდაბნის 25 ბავშვმა მიიღო პირველი ზიარება.


მისმა უწმინდესობამ მარ ამანუელ III დელიმ საქართველოში რამოდენიმე დღე დაჰყო (15-21 ოქტომბერი). მისი უწმინდესობის პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო. იგი შეხვდა საეკლესიო საბჭოს წევრებს, აგრეთვე ესტუმრა ქ.გარდბანს და მოინახულა მრევლი. საქართველოში ერაყის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოწვევით ესტუმრა ერაყის საელჩოს. წმინდა საყდრის საელჩოში შედგა შეხვედრა მის აღმატებულებასთან მონსენიორ კლაუდიო გუჯეროტისთან წმინდა საყდრის დესპანთან ამიერკავკასიაში. 20 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა ილია მეორემ მიიღო საპატრიარქოში მისი უწმინდესობა მარ ამანუელ III დელი, ბაბილონის ქალდეველთა პატრიარქი.

დამატებითი მასალა #archive/consecration