საეკლესიო ჯგუფის ვიზიტი დეტროიტიდან

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

საეკლესიო ჯგუფის ვიზიტი დეტროიტიდან
24.08.2019 / article / #events



ამა წლის 24 აგვისტოს ჩვენს ეკლესიაში ჩატარდა ღვთაებრივი ლიტურგია, რაც ასევე აღსანიშნავი იყო დეტროიტიდან აბუნა მანუელ ბოჯის მეთაურობით ჩვენი ძვირფასი მრევლის წარმომადგენლების სტუმრობით. ეს ის ხალხია, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენს ეკლესიას ფინანსურ და მორალურ მხარდაჭერას უწევს. მათი ვიზიტი საიუბილეო წელს ეძღვნება.

მოგეხსენებათ , რომ წელს სექტემბერში აღვნიშნავთ ქორეპისკოპოს ბენიამინ ბეთ - იადეგარის მღვდელმსახურების 25 წლის იუბილეს . ასევე ოქტომბერში ვიზეიმებთ წმინდა წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ - ქალდეური კათოლიკური ეკლესიის კურთხევის 10 წლის იუბილეს და ჩვენი საყვარელი მოძღვრის ბენიამინ ბეთ - იადეგარის ქორეპისკოპოსად ხელდასხმის იუბილეს.

ღვთისმსახურების შემდეგ ყველანი ეკლესიის საბანკეტო დარბაზში ჩავედით და ეს დღე ერთად აღვნიშნეთ . სადღესასწაულო სუფრის შემდგომ ვიხილეთ თეატრალური წარმოდგენა არამეულ ენაზე "კეთილი სამარიელი" ჩვენი ეკლესიის მრევლის მონაწილეობით .

გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ მამა მანუელ ბოჯის (დეტროიტში წმინდა მოწამეთა ქალდეური კათოლიკური ეკლესიის მოძღვარს), მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მარ ავრაამ ნ. ავრაამს და მარ ფრანსის იუჰანა კალაბატს ( დეტროიტში წმ. მოციქულ თომას სახელობის ქალდეური კათოლიკური ეპარქიის ეპისკოპოსებს) მრავალწლიანი ფინანსური მხარდაჭერისთვის, აგრეთვე ჩვენ ძვირფას მრევლს ამერიკაში, მათი ყურადღებისა და სიყვარულისათვის, რომელსაც ისინი დაუღალავად ამჟღავნებენ ჩვენს მიმართ.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -