მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის კარდინალ პიეტრო პაროლინის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის კარდინალ პიეტრო პაროლინის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
28.12.2019 / article / #events



ამა წლის 27 დეკემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა მისი უწმინდესობის პაპი ფრანცისკეს წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა კარდინალ პიეტრო პაროლინი.

28 დეკემბერს, 16.00, ყოვლადწმინდა ქალწულის ცად აღყვანების სახელობის კათოლიკურ საკათედრო ტაძარში გაიმართა ღვთისმსახურება საქართველოში არსებული სამი კათოლიკური წესის (ქალდეური, ლათინური, სომხური) მონაწილეობით. კარდინალ პიეტრო პაროლინის ვიზიტი უკავშირდება საქართველოში შემდეგი საიუბილეო თარიღების აღნიშვნას:

40 წელი მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, ილია II -ის ისტორიული ვიზიტიდან ვატიკანში;

25 წელი სამხრეთ კავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის დაარსებიდან;

25 წელი „საქართველოს კარიტასის“ დაარსებიდან;

30 წელი სომხური წესის კათოლიკობისა ჯავახეთში;

30 წელი კალკუტელი დედა ტერეზას „გულმოწყალების მისიონერი დების“ დაარსებიდან;

25 წელი სტიგმატელ მამათა მისიის დაარსებიდან;

25 წელი ჟან ვანიეს მიერ „კიდობნის“ დაარსებიდან;

20 წელი საქართველოშო წმ. პაპის, იოანე პავლე II -ის ისტორიული ვიზიტიდან;

10 წელი წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის კურთხევიდან თბილისში.

მთელი ამ წლების განმავლობაში მათი მოღვაწეობა იყო გამსჭვალული გულმოწყალებით, სიყვარულით და ზრუნვით საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენაზე. დიდი მადლობა მათ ამისთვის და უფალმა დალოცოს მათი თავდაუზოგავი შრომა.

ღვთისმსახურების შემდგომ შეხვედრა კარდინალ პიეტრო პაროლინთან შედგა ძველი მერიის შენობაში. მას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, სახელმწიფოს წარმომადგენლები და კათოლიკური საკრებულოების მრევლი.

მეორე დღეს, 29 დეკემბერს, 16:00 საათზე, "საქართველოს კარიტასში" (მისამართზე: თორნიკე ერისთავის ქ.,2), კარდინალი პიეტრო პაროლინი შეხვედრა ბავშვთა და ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერებს და თანამშრომლებს, ასევე კათოლიკური ეკლესიების წარმომადგენლებს. კარდინალი პიეტრო პაროლინი ეწვია მართლმადიდებელ ეკლესიას, „წმინდა ბარბარეს დედებისა და ბავშვების ცენტრს“ და ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს. შემდეგ შეხვედრა სხდომათა დარბაზში გაგრძელდა, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ „საქართველოს კარიტასის“ პრეზიდენტი ქორეპისკოპოსი ბენიამინ ბეთ იადგარი და კარდინალი პიეტრო პაროლინი. შეხვედრა დასრულდა კარიტასის ბავშვთა დღის ცენტრის და კამელიელთა ბავშვების ერთობრივი წარმოდგენით.

იმავე დღეს, საღამოს, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა კარდინალი პიეტრო პაროლინი საქართველოს საპატრიარქოში შეხვდა უწმინდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს ილია II-ეს. შეხვედრამ თბილ ატმოსფეროში ჩაიარა.


“საქართველოს კარიტასის” პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის კარდინალ პიეტრო პაროლინის კარიტასის სტრუქტურებში ვიზიტთან დაკავშირებით.

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, კარდინალ პიეტრო პაროლინი, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანო!

თქვენო აღმატებულებავ, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკურ, წმინდა საყდრის დესპანო!

თქვენო აღმატებულებავ, მონსინიორ რაფაელ მინასიან, სომხური წესის ეპისკოპოსო!

თქვენო აღმატებულებავ, მონსინიორ ჯუზეპე პაზოტო, ლათინური წესის ეპისკოპოსო!

ქ-ნო ანაჰიდ მხოიან, „საქართველოს კარიტასის“ დირექტორო!

ძვირფასო ძმებო და დებო!

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ! ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ და მოგესალმოთ "საქართველოს კარიტასის" სახელით, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია მოღვაწეობს ამ ქვეყნის სასიკეთოდ. "საქართველოს კარიტასი" იურიდიულად იმართება სამი კათოლიკური წესის (სომხური, ქალდეური და ლათინური) ხელმძღვანელობით, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობაში არიან ერთმანეთში.

კომუნისტური რეჟიმის ნგრევის შემდეგ, ჩვენ მოულოდნელად აღმოვჩნდით პირისპირ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, რელიგიური და იურიდიული პრობლემების წინაშე. ეს რთული პერიოდი იყო, როდესაც ძალიან ადვილი იყო იმედის დაკარგვა.

გამეფებული შიმშილისა და უმუშევრობის გამო, ბევრს მოუწია დაეტოვებინა საკუთარი ოჯახი და ქვეყანა და სწორედ მაშინ კათოლიკური ეკლესია, მიუხედავად თავისი შეზღუდული შესაძლებლობებისა, იზიარებს მოწყვლადთა გასაჭირს და კარიტასის მეშვეობით ცხოვრობს სრულ სოლიდარობასა და ერთიანობაში უბრალო ხალხთან.

ეს იყო სოლიდარობა ჰორიზონტებისა და შეზღუდვების გარეშე. კარიტასის ყურადღების ცენტრში იყო ადამიანი, მიუხედავად მისი ეროვნული, რელიგიური თუ კონფესიონალური კუთვნილებისა.

რომის პაპის იოანე პავლე II-ის ერთ-ერთი გზავნილის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულთ იმის და უკითხავად, თუ ვინ არიან და რა სწამთ მათ. იოანე პავლე II-ემ დაგვიბარა: ”უნდა დავეხმაროთ მართლმადიდებლებს იყვნენ კარგი მართლმადიდებლები; კათოლიკეებს იყვნენ კარგი კათოლიკეები და მუსულმანებს იყვნენ კარგი მუსულმანები.”

"საქართველოს კარიტასი" დღეს ნამდვილად აღიარებულია და ეს განპირობებულია კათოლიკური ეკლესიის ყველა სტრუქტურის კოორდინირებული მუშაობით, მათ შორისაა: სამი კათოლიკური წესი, რელიგიური კონგრეგაციები, დიაკვნებით, მრევლით, ეპარქიებით, რომლებიც, როგორც ერთი განუყოფელი სხეული მიჰყვებოდნენ უფლის იესოს ნაკვალევს.

"საქართველოს კარიტასი" აღიარეულია სახელმწიფო ხელისუფლების, მართლმადიდებელი ეკლესიის და თვით უწმინდესისა და უნეტარესის პატრიარქის ილია II-ის მიერ.

მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პადრე ვიტოლდ შულჩინსკის, „საქართველოს კარიტასის“ პირველ დირექტორს, მან დატოვა გულისხმიერების გამოვლენის მაგალითი, რომელიც შეესაბამება ეკლესიის სწავლებას.

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ! თქვენი მოკლე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და კარიტასში არსებული მრავალი პროექტიდან ერთ-ერთის მონახულება შთაგვაგონებს და გვაძლევს ძალას გავაგრძელოთ სიყვარულით მსახურება საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ და დაუცველ ფენაზე, იმ საზოგადოებისა, რომელიც სულ უფრო და უფრო ხვდება კონსუმიზმისა და გულგრილობის გავლენის ქვეშ.

დიდ მადლობას მოგახსენებთ „საქართველოს კარიტასის“ დამფუძნებელთა ასამბლეის: მონსინიორ რაფაელ მინასიანის და მონსინიორ ჯუზეპე პაზოტოს, ასევე ყველა თანამშრომლის სახელით.

 

ქორეპისკოპოსი ბენიამინ ბეთ-იადეგარი
მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი თბილისში
„საქართველოს კარიტასის“ პრეზიდენტი

29.12.2019





გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -