საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისიის დაარსების 25 წლის იუბილე

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისიის დაარსების 25 წლის იუბილე
03.05.2020 / article / #events#mission



ზუსტად 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1995 წლის 3 მაისს საქართველოში დაარსდა ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისია. მისიის თავდაპირველი ამოცანა იყო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სწავლების განმარტება და გავრცელება, მაგრამ რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მისიამ მიიღო გადაწყვეტილება სულიერ საქმიანობასთან ერთად განეხორციელებინა ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო პროექტები (ჩვენ დღესაც ვმუშაობთ საკრებულოს განვითარებისთვის და ინტეგრაციისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ამ სამი მიმართულებით, ახლა უკვე წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, რომლის კურთხევაც შედგა 2009 წლის 17 ოქტომბერს).

მისიის საქმიანობა დაემთხვა დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე რთულ პერიოდს. მისიამ თავის თავზე განიცადა იმ მძიმე წლების სირთულე, გაიარა სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების ყველა ეტაპი; იგი იზრდებოდა, იძენდა გამოცდილებას, წუხდა და ხარობდა საქართველოსთან ერთად, თანაუგრძნობდა ახალგაზრდა რესპუბლიკას, რომელიც ისწრაფვოდა თვითდამკვიდრებისაკენ.

მისიის დაარსება ასეთი რთული სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, ხალხთან საუბარი სულიერი საზრდოს შესახებ მაშინ, როდესაც ისინი ძლივს შოულობდენ პურის ფულს, რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი, მაგრამ „დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურით უნდა ცოცხლობდეს კაცი, არამედ ღვთის ყოველი სიტყვით.“ (ლუკა 4,4).

ისინი, ვინც მაშინ მისიის დაარსების სათავეებთან იდგნენ, დღეს დიდი სიყვარულით იხსენებენ, თუ რა ენთუზიაზმით ესწრებოდნენ მშობლიური ენის შემსწავლელ კურსებს, ეუფლებოდნენ ლოცვებსა და ღვთაებრივ ლიტურგიას არამეულ ენაზე.

უფროსი თაობის წარმომადგენლები, ჩვენი ძვირფასი ბებიები და ბაბუები ყოველ კვირას დადიოდნენ ეკლესიაში ისეთი სიყვარულით და ენთუზიაზმით, რომ შთააგონებდნენ ახალგაზრდებს, თაობას, რომელმაც ცოტა რამ თუ იცოდა რელიგიაზე და იმ ტანჯვაზე, რაც ადამიანებმა გამოიარეს რწმენისა და სიმართლისთვის. დღეს ბევრი მათგანი არ არის ცოცხალი, ქედს ვიყრით თქვენს წინაშე ჩვენო ძვირფასებო. თქვენ ყოველთვის დარჩებით ჩვენთვის გამბედაობისა და ერთგულების მაგალითად.

ძვირფასო და საყვარელ მრევლო, დღეს ყველას გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს! დიდი სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ წლების განმავლობაში ასირიელთა არაერთი თაობა ეზიარა მისიის სულიერ საგანძურს: ზოგი მისიის დარსებას ზრდასრულ ასაკში შეესწრო, ზოგი გაიზარდა და გამოცდილება შეიძინა მასთან ერთად, ზოგიც კი დაარსების შემდგომ მოევლინა ქვეყანას. ბევრმა დატოვა საქართველო და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ ეს არ არის ნიშვნელოვანი, არამედ მშივნელოვანია ის, რომ, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ადამიანი მისიის სულისკვეთებით განმსჭვალული, იგი ყოველთვის გულით ატარებს მოყვასზე ნადვვილი ზრუნვის სითბოს და ჭეშმარიტ რწმენას - რაც არის კაცთმოყვარეობა.


მილოცვა მრევლის სახელით

დღეს ზუსტად 25 წელი შესრულდა იმ დღიდან, რაც მამა ბენიამინ ბეთ-იადეგარი ჩამოვიდა საქართველოში სასულიერო მოღვაწეობისთვის. ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც, სამწუხაროდ, დღეს ვერ შეძლო მის გვერდით ყოფნა ფიზიკურად, მაგრამ მთელი გულით და სულით არის თავის მღვდელთან, სულიერ მოძღვართან, ძმასთან და რაც მთავარია - მეგობართან; ასევე ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც აღარ არის ჩვენთან, მაგრამ სამუდამოდ ცოცხლობს მის და ჩვენს გულებში; ყველა იმ ხალხის სახელით, ვისთვისაც 25 წლის წინ მან გადაწყვიტა მიეძღვნა თავისი სიცოცხლე - ჩვენ გულითად მადლობას ვუხდით მას, რადგან როდესაც გვიჭირს, ის უბრალოდ იღებს ჩვენს ტვირთს თავის მხრებზე და ატარებს მას ჩვენთან ერთად; მადლიერები ვართ იმისთვის, რომ მას გულწრფელად უხარია ჩვენი წარმატებები და ყოველმხრივ გვეხმარება ახალი გამარჯვებების მიღწევაში.

მადლობას ვუხდით მას იმ პასუხისმგებლობისთვის, რასაც იგი იღებს ჩვენზე, რის გამოც ჩვენ მოვიაზრებით მზრუნველი და მოსიყვარულე მამის ერთ დიდ ოჯახად; მისი მოთმინებისთვის, მისი უძირო გულისთვის, რომელშიც ყველასთვის მოიძებნება ადგილი, დაწყებული ყველაზე პატარებით და დამთავრებული ჩვენი საყვარელი ბებიებით და ბაბუებით.
მადლობას ვუხდით იმ ფასდაუდებელი ცოდნის გამო, რომელსაც იგი უხვად გასცემს ჩვენზე და თანაზიარს გვხდის ჭეშმარიტად უდიდეს და მსოფლიოში აღიარებულ ნაშრომებთან, რომლებიც მიმართულია მშობლიური ენისა და კულტურის განვითარებისკენ.
მადლობას ვუხდით იმის გამო, რომ არა სიტყვებით, არამედ მთელი თავისი ცხოვრებით ის ყოველღიურად გვიმტკიცებს, რომ უზენაესი ქრისტიანული ფასეულობა, რაც არის მოყვასისადმი სიყვარული, არის ერთადერთი რეალობა და ერთადერთი გზა, რომელსაც მივყევართ გადარჩენისკენ და ხსნისკენ.
მადლობას ვუხდით მას ამ ქვეყნისადმი, ჩვენი საქართველოსადმი, რომელიც მისთვისაც საამაყო სამშობლოა, უსაზღვრო სიყვარულისთვის.
და ჩვენ გვწამს, რომ გადავლახავთ ყველა სირთულეს და მალე, ძალიან მალე ჩვენს თბილ და დიდ სახლში ყველანი ერთად გავიხარებით დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი სასწაულით - სიცოცხლით.
მთელი სულითა და გულით ვუსურვებთ მამა ბენიამინს ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიხარულს და წარმატებებს.





გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -