ქრისტეს ნათელი აღდგომა ქრისტიანობის ქვაკუთხედია. შთაგონების, უსაზღვრო სიყვარულისა და მსხვერპლის მაგალითია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც საკუთარ თავს მიაკუთნებს ქრისტიანულ სარწმუნოებას.
წელს წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ - ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში აღდგომა ვიზეიმეთ 4 აპრილს. პანდემიის გამო წლების განმავლობაში დამკვიდრებული ღვთისმსახურების პროგრამა შეიცვალა: ღვთაებრივი ლიტურგია კვირას, დღის 12 საათზე აღესრულა და არა ჩვეულებისამებრ წინა დღით, საღამოს. ეკლესიის საბანკეტო დარბაზში არ ჩატარებულა ტრადიციული ზეიმი და ტრაპეზა, მაგრამ ეს არ არის მთავარი, რადგან ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა არის მარადიული ცხოვრების, უსაზღვრო იმედისა და სიყვარულის უდიდესი დღესასწაული და ამ სიხარულის განცდა არ არის დამოკიდებული გარემოებებზე.
მათთვის, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ვერ შესძლო წმინდა ლიტურგიაზე დასწრება, მიმდინარეობდა პირდაპირი ტრანსლაცია. ყველა მსურველს შეეძლო გამხდარიყო თანაზიარი უდიდესი დღესასწაულისა და ყოფილიყო ერთობაში საკრებულოსთან ონლაინ რეჟიმში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.