ჩვენო ძვირფასო მრევლო!
ყველას ვულოცავთ საქართველოში მცხოვრებ ასირიელთათვის ამ ჭეშმარიტად შესანიშნავ დღეს. დღეს, რომელიც ოქროს ასოებით შევა ადგილობრივი ასირიელების მატიანეში. დღეს, რომელსაც ჩვენი წინაპრების არაერთი თაობა სულმოუთქმელად ელოდა. სამწუხაროდ, ბევრი ვერ მოესწრო ამ ბედნიერ წუთებს, როცა ქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ ლოცვა მშობლიურ არამეული ენაზე, მაგრამ მათი შვილები და შვილიშვილები, უკვე 26 წელია, თანაზიარნი არიან უძველესი საეკლესიო ტრადიციებისა და აგრძელებენ წინაპრების საოცარ მემკვიდრეობას, ახლა უკვე მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში.
მადლობა ყველას, ვინც ქვეყნისთვის იმ რთულ წლებში, მისიის დაარსების სათავეებთან იდგა და შრომობდა ახალგაზრდა მღვდელ მამა ბენიამინ ბეთიადგართან ერთად.
მარადიული ხსოვნა მათ, ვინც დღეს ჩვენს შორის არ არის, მაგრამ, სამუდამოდ დარჩება მაგალითად ერთგულებისა და რწმენის სიმტკიცისა. ქედს ვიყრით მათ წინაშე.
საუკეთესო სურვილები ჩვენს გარშემომყოფებს. ღმერთმა ქნას, რომ თქვენ, თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა მრავალი წლის განმავლობაში ლოცვის მადლით აღავსოთ მარ შიმონ ბარ საბაეს ეკლესიის კედლები.
და უსასრულო მადლობა თქვენ, ჩვენო ძვირფასო აბუნა ბენიამინ, იმისთვის, რომ ჩამოხვედით და დარჩით მაშინ თქვენთვის უცნობ და შორეულ მიწაზე, რომელიც მომავალში იქცა თქვენთვის ძვირფას და საყვარელი ადგილად.
მადლობას გიხდით, რომ არაერთი თაობა აღზარდეთ ჭეშმარიტი რწმენით: რწმენით, რომელიც ცოცხალი, გულისხმიერი, ტოლერანტული, გულმოწყალე და პროგრესულია; რწმენით, რომელიც გვასწავლის სიყვარულს, ზრუნვას, შენდობას, დახმარებას, პატივისცემას, ურთიერთგაგებას და შრომას, რითიც ჩვენს საკუთარ თავს და ჩვენს ირგვლივ სამყაროს ვხდით უკეთესს.