შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვარისა ჩვენისა იესო ქრისტესი

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვარისა ჩვენისა იესო ქრისტესი
24.12.2021 / article / #christmas#church-tbilisi



24 დეკემბრის 3 საათზე, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შობის დამდეგს, წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარდა ღვთისმსახურება, რომელსაც ესწრებოდნენ ჩვენი მრევლის წარმომადგენლები თბილისიდან, გარდაბნიდან და დაბა ძველი ქანდიდან. წელს, გასულისგან განსხვავებით, როდესაც ადამიანები Covid პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ დაესწრნენ საშობაო ლიტურგიას, მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა, შევძელით ტაძარში შეკრება და, რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, შობის დიდი დღესასწაულის აღნიშვნა.

ღვთაებრივი ლიტურგიის შემდეგ მრევლი არ ჩასულა ეკლესიის სატრაპეზოში, რათა ტრადიციულად ერთად აღვენიშნა ეს დღესასწაული, მაგრამ ერთმანეთს გავუზიარეთ ცოცხალი ურთიერთობის სითბო და სიხარული, მივიღეთ ჩვენი ძვირფასი აბუნა ბენიამინისგან კურთხევა და სიმბოლური საჩუქრები. აბუნა ბენიამინმა გულითადი მადლობა გადაუხადა ყველას იმისთვის, რომ პანდემიის ამ მძიმე ორი წლის განმავლობაში, ყველა, შეძლებისდაგვარად, მონაწილეობდა საკრებულოს ცხოვრებაში, მხარს უჭერდა ერთმანეთს, აკეთებდა ამას, როგორც მოხალისეობრივი საქმიანობით, ყველაზე რთულ თვეებში საკუთარ ჯანმრთელობის ფასად; ასევე ეკლესიაში ლიტურგიაზე დასწრებით, როცა ეს შესაძლებელი იყო, ხოლო როცა არა, ონლაინ წირვების მეშვეობით  ჩვენთან ერთად სულიერ ერთობაში ყოფნით.

ძვირფასო ძმებო და დებო! დღეს მთელი ეკლესია საზეიმოდ იყო მორთული, ასევე საზეიმოდ გამოწყობილმა მრევლმა სიხარულით გადალახა ტაძრის ზღურბლი, მოისმინა ღვთის სიტყვა და აღავლინა ლოცვანი უფლისადმი, მაგრამ ამ დღესასწაულის მთავარი გზავნილი ყოველთვის უცვლელი რჩება - მოვრთოთ და მოვამზადოთ ჩვენი საკუთარი გულები და აზრები ჩვილი ქრისტეს მისაღებად,  რათა იგი ყოველდღე დაიბადოს ჩვენს გულებში, ჩვენს ფიქრებში და ვლინდებოდეს ჩვენს საქციელში, ქმედებებში. მხოლოდ მაშინ შეისხამს ხორც ღმრთის სიტყვა და განხორციელდება მისი ნება - შობა ნათლისა, იმედისა და სიყვარულისა ყოველ ჩვენთაგანში.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -