საზაფხულო ბანაკი ორპირში

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

საზაფხულო ბანაკი ორპირში
12.09.2022 / article / #orpiri#events



პანდემიით გამოწვეული ორწლიანი შესვენების შემდგომ, წელს მოგვეცა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა 31 ივლისიდან 15 აგვისტომდე  ორპირის საზაფხლო ბანაკში გამგზავრებისა. ბანაკი ორ ნაკადად გაიმართა  ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის (სულ 80 ადამიანი თბილისიდან, გარდაბნიდან, რუსთავიდან და სოფელ ძველი ქანდიდან).

 

ერთად გატარებული დრო საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი მიზნებისთვის იქნა გამოყენებული. ორპირში პედაგოგების მიერ მომზადებული პროგრამა ძალზედ მრავალფეროვანი იყო, დაწყებული ექსკურსიებიდან და ქუთაისის ღირშესანიშნაობების დათვალიერებიდან, ისეთების როგორიცაა: გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, მოწამეთას მონასტერი, სათაფლიის ნაკრძალი, ბოტანიკური ბაღი, ქობულეთი, დამთავრებული ვიქტორინებით, საგანმანათლებლო თამაშებით, ლექციებით და  სხვადასხვა ღონისძიებებით.

 

ორპირში ყოფნისას ჩვენი მოძღვრის, ქორეპისკოპოს ბენიამინ ბეტიადგარის, მოწვევით გვესტუმრა საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ დირექტორი ქალბატონი ანაჰით მხოიანი. მან ახალგაზრდებს გააცნო „კარიტასის“ მოღვაწეობის სულისკვეთება, ქველმოქმედებისა და მოწყალების პრინციპები, რომლებითაც „კარიტასი“ ხელმძღვანელობს დაარსებიდან დღემდე და არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს 198 ქვეყანაში და რეგიონში. შეხვედრა საინტერესო და ინფორმატიული იყო. მადლობას ვუხდით ქ-ნ ანაჰითს ჩვენს ახალგაზრდებთან გატარებული დროისთვის.

 

ორპირის საზაფხულო ბანაკი მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების არაერთი თაობისთვის იყო და არის შესანიშნავი შესაძლებლობა უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი და ირგვლივ მყოფნი. ბავშვები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ დამოუკიდებელი ცხოვრების ელემენტარულ წესებს, ეჩვევიან დამოუკიდებლად აზროვნებას, საკუთარი აზრის გამოხატვას, სხვების მოსმენას და პატივისცემას. ჩვენი საკრებულოს ერთიანობისთვის და მისი მომავლისთვის ამ ტიპის პროექტების განხორციელება ძალიან სასარგებლოა.

 

 

გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მოხალისეებს და მშობლებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ორივე ნაკადის ორგანიზაციულ საკითხებში.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -